ლომისის ყმები

პროფ. ზურაბ კიკნაძე
პროფ. ზურაბ კიკნაძე

ანდრეზები 

 

 

(აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის
რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები)

 

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
თბილისი
2009

 

პროფ. ზურაბ კიკნაძის ხვა ნაშრომებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

 

nota nostra. საიტზე გამოყენებულია ინტერნეტში მოპოვებულივ რიგი ფოტოსურათი.ავტორების სურვილის შესაბამისად საიტზე გამოქვეყნებული იქნება მათი ვინაობა. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.გმადლობთ. 


                  276. ლომისის ნათელი
      წკერიდან დაგორებულა ხორც-წვნიანი ქობი, ისე ჩამოსულა, რო არ დაღვრილაო, ჭალაშიო. ეგ დღეობა რო მომარჯვდება, ლომისიდან გადმოდის, აი ესე ბრტყელია, ბოლო გრძელია, როგორც ვარსკვლავი, დიდია, ანათებს, ბარჯღლებს ამაიქნის. ლომისის დღეობა მომარჯვდება და აქედან გადადის, თვითმფრინავის ბოლო როგორც არის, და ბრჭყვიალაა, თითქოს ცეცხლიაო. ლაკათხევის საღვთოშიც გადადის ეს ნათელი ამ ბეგოთ საღვთოდან. ამის დამნა ხავი ხშირადა ვარ.
                                             მთხრ. ქეთო წამალაიძე,
                                ჩამწ. ლალი წიკლაური, მუღურე, 1985.
                                                      თსუფა 26757

 

 

             280. ლომისას შეწირული ჯაჭვი
      როცა ლომისის სალოცავს აშენებდნენ, თურმე რამთენ კედელსაც არ ამაიყვანდნენ, იმთონი არა დგებოდა. მემრე ხალხმა იფიქრა, რომაო ეს კედლები კაცის უნაწილოდ არ ამოვაო. დაუჭერია ერთი კაი შავგვრემანა ყმაწვილი ხალხსა და ოთხ ნაწილად კი გაუჭრია. ეს თითო ნაწილი თითო კედლითვინ დაუყოლებიათ და ამოსულა კედელი. ამ ბიჭსა ერთი ჯაჭვი კიდებია და ეს ჯაჭვი კიდენა ეკლესიის კარზე ჩამოუკიდნიათ.
      ამ ჯაჭვი მოხსნა¡ არ შაიძლების, იმისთვინა, რომა ეკლესიაზეა შაწირული. ძალიან გაჭირებია ხალხსა ამ ხატი აშენება¡. მთის წვერიდან მლეთამდე სუ კაცები მდგარან და ესე აწვდიდნენ თურმე ქვებსა ერთმანეთსა. ლომისაში რო წყალი ჩამოდის, ესა ხატისა და ხალხის ცრემლებია, იმ ბიჭსა ¡ბრალობს ხალხიცა და ხატიცა.
                                                   მთხრ. გიორგი ზაქაიძე,
                         ჩამწ. ქეთევან ბურჯანაძე, ბეგოთკარი (ხადა), 1946.
                                                            თსუფა 5099

                284. ზაქაიძეები ლომისას
      ზაქაიძეების წინაპრებს ქისტეთში, არმხის მახლობლად უცხოვრიათ. იმ ადგილს რქმევია ხანდა. მამასა და მის სამ ვაჟს სისხლმესისხლეობის გამო დაუტოვებიათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი. მამას რქმევია ზაქა, ხოლო შვილებს - ყარა, ყატუყა და ბრაი. მამა-შვილები მაშინ მოსულან მთიულეთში, როდესაც ქსნელები და არაგველები მაღალ მთაზე ლომისის ეკლესიას აშენებდნენ. დაღლილ-დაქანცული მშენებლები დახვედრიათ... თურმე ვერავის აუწევია ეკლესიის კარის თავზე სათაღე ლოდი. ზაქას ერთ-ერთ ვაჟს - ბრაის აუწევია ლოდი და თავის ადგილზე დაუდია. ქვის აწევის დროს ტანსაცმლის ქვეშიდან ვერცხლის ჯაჭვის პერანგი გამოსჩენია. კალატოზებს მაშინვე შეუწყვეტიათ მუშაობა და უთქვიათ, თუ იმ ჯაჭვის პერანგს მოგვცემენ, ვიმუშავებთ, თუ არა და ხელსაც არ გავანძრევთო. ზაქას შვილები ღმერთის მორწმუნე ვაჟკაცები იყვნენ.
ეკლესიას, ლომისას შესწირეს ის ძვირფასი ვერცხლის (ჯაჭვის) პერანგი და დიდ ლომისას ყმად შეეფიცეს.
     მოხუცებს, დეკანოზებს უთქვამთ მამა-შვილებისათვის: „აირჩიეთ, სადაც გნებავთ საცხოვრებელი ადგილი და დასახლდითო“. გადმოუხედავთ ლომისის მთიდან. მამა-შვილს ზაქასა და ბრაის ხადას ხეობის ქვემო წელი - დიდი ველი აურჩევიათ. ამჟამად იქ მოზრდილი სოფელია, რომელსაც დამაარსებლის საპატივსაცემოდ ზაქანი ჰქვია. ყატუყა მუღურეში დასახლებულა. თუმცა მისი ჩამომავლობა ამოწყვეტილა და იმ კაცისგან აღარავინ დარჩენილა. ყარაის შთამომავლები კი ბეგოთკარში ეხლაც ცხოვრობენ. ყველანი ზაქაიძეებად ეწერებიან.
     ძველი დამსახურების გამო ზაქაიძეების არყოფნის გარეშე ლომისის კარი არ გაიღებოდა.
     იმ ჯაჭვის პერანგზეა ნათქვამი ლომისური:
                      ლომისას ჯაჭვი ჰკიდია,
                      არავინ იცის ვისია,
                      ადგა და ქალმა შესტირა,
                      ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია.
                      შავეთით გამოტანილი
                      შავგვრემანაი ყმისია,
                      დაეხსენ, ჟანგმა შეჭამოს,
                      ეგ ჯაჭვი მაგის ღირსია.
     *ეს ქალი იმ ზაქაიძის ძმა იყო, რომელმაც ქვა ასწია. ჯაჭვი ალბათ ძვირფასი იყო და შემდეგ მოიპარეს (მთხრობლის კომენტარი).
                                                   მთხრ. ვასიკო ზაქაიძე,
                ჩამწ. ხვთისო მამისიმედიშვილი, ბეგოთკარი, 10 ივლისი, 1996.
                                                            თსუფა 29704

                  285. ლომისას ამბავი
      როცა ლომა ხარმა ხატი მაასვენა თავისი რქითა, აქა ამ ხატსა ნიში აუშენეს და ლომისა დაარქვეს. ერთი ვაჟი ყოფილა მთიულეთშია და იმ ვაჟსა ეშმაკებისა და დევ-ქაჯებისაგანა მისნობა უსწავლია. თურმე სულ ესმოდა, რასაცა ხეები და ჩიტები ლაპარაკობდნენ თავიანთ ენაზედა. ერთ დღესა ეს ბიჭი შავეთს შასულა და იქიდანა ეშმაკი დასაბმელი ჯაჭვი მაუტაცნია. წამაუღია ეს ჯაჭვი და ამ ლომისაზე კი დაუკიდნია. ხალხი რო ხატობაში შაყრილა, უცვნია ეს ეშმაკეული ჯაჭვი და გაჯავრებულა. უნდოდათ, მაეხსნათ ე ჯაჭვი, მაგრამა ეშინოდათ ღვთის რისხვისა. უთქვიათ, რომაო ვინც ეს ჯაჭვი

აქ მაიტანა, იმან თითონ მოხსნასო, მაგრამა ი ბიჭი უკვე მამკვდარა ჯავრითა. მაშინ იმ ბიჭის დამ იცნო თავი ძმის მოტანილი ჯაჭვი და ტირილი დაუწყია, რომა ეგ ჯაჭვი ეგრე დაჟანგდეს, რომაო ეშმაკებით მაიტანაო. ხალხი რო წავიდა, იქ დარჩენილა და ტიროდა სულა თავი ძმი შარცხვენასა. იქ მამკვდარა ი ქალი ტირილშია და ი წყალი რო ჩამოდის ლომისშია, იმ ქალი ცრემლებია.
                                            მთხრ. ალექსი ბიბილაშვილი,
                              ჩამწ. ქეთევან ბურჯანაძე, ბიბილაანი, 1946.
                                                           თსუფა 4998

   286. ლომისის წმიდა გიორგის ხატი ტყვეობაში
     ეგ ლომისა მე ეგრე გამიგია: აქ ხატები მოუკრეფიათ და ეგ ლომისაც გაუყოლებია ლეკებს. მერე ეგ რო იქ ჩაუყვანიათ, იმათას  აღარც ძროხას უშობნია, აღარც ადამიანს, აღარც ჭირნახული მოსულა, სუ გამხმარა, სუ გამქრალა ყოველივე ასე შვიდ წელიწადსა. მერე მისულან მკითხავთან და იმას უთქომ: „ეგაო, გურჯებიდან რო ხატები წამოგიღიათ, იმისგან არისო. მანდ არის ხატი ისეთიო“.
     რა უყონ? გასცეს პრიკაზები:’“მოიტანეთ, ვისაც რა გაქვთ, ჩამოტანილი იქიდანა“. ადგენ, მიიტანეს სუყველაყა და მიაყარეს ცეცხლში. სუყველაყა ჩაიფუფქა და ლომისა ამოფრინდა და დადგა მაღლა. მკითხავმა უთხრა: სუყველაყა გარეკეთ, ტყვეებიცაო, თორო ეგ კარგს არას იზამსო.
     წავიდეს ეს ხალხი, ტყვე დაძრეს. შაქუჩდა შვიდი ათასი ტყვე, აქედან წარეკილი. გამოუძღვა, წამოვიდეს ეს ხატი ლომისა და გამოჰყვეს ხალხი და, აი, საცა ლომისა არის, იქ ავიდა მაღლა წვერში და იქ დადგა. თურმე იქ დაასვენეს, იქ ააშენეს ეკლესია და ლოცუ ლობენ. აი, ეხლაც სუ იმასა ვლოცულობთ.
     აი, რო გვალვა იქნება-კე და გადიწვება აქაობა, მაშინ იმას გამააბძანებენ, იმის ხატსა, და გაინათლება მთელი ქვეყანა. მაშინვე გაავდრდება.
     ორნივ ერთნი არიან, ორნივ წმინდა გიორგეები არიან, ფუძის ანგელოზი და ლომისა.
                                                        ვირს. 528




Copyright ©
Copyright ©

                        287. ლომისა
      ლომისაზე გინდა რამე დაგითვალო? შეგეწიოთ თქვენცა და ჩვენცა.
      როცა თურმე ლეკებმა დაიტაცეს საქართველო, წაიყვანეს და ტყვედ ჩაყარეს შვიდი ათასი, ლომისის ჯორიც [ჯვარი] წაუღია. იმ თათრებში აღარც ბალღი გაჩნდის, აღარც მოსავალი. ბოლოს, შეწუხდა ის ხალხი, წავიდენ მოლასთან. იმან უთხრა:’“ეს ხალხი და ის ჯორი თუ არ დააბრუნეთო, სულ დასწყდებითო“. მართლაც, სულ ასე იყვის-კე. ადგენ და, რომელიც მძლე ხარი ჰყვანდა, დააკრეს შუბლზე ის ჯორი ხარსა და მოიხმეს მთელი ხალხი და უთხრეს: „თავისუფლები ხართო“. ის ხარი უნდა გამაუძღვეს წინ, ის კი ტრიალებს. თურმე ერთი კოჭლი ქალი კიდენ აკლდა. ისიც გამაატანეს. გამოუძღვება ეს ხარი. სადაც დაწვებოდის, ყველგან ნიში ააშენეს. ფასანაურს აქეთაცაა ნიში. წვერზე რო მოვიდა, იქ განისვენა სული, გა¡სკდა.
                                                        კაიშ. 114

 

                     288. ლომისის ხატი
      ჩვენებმა იცოდნენ გამოთქმა: „ლომისის წმინდა გიორგის გაუმარჯოს, შვიდი ათასი ტყვის დამხსნელსაო“. ძველებმა თქვეს, რომ ეს ხატი ჰქონდათ ლეკებს მოტაცებული. შვიდი წელი ამ დაღესტანში.
სანამ ეს ხატი ჰქონდათ მოტაცებული, არც მოსავალი მოვიდა, არცა რა გაჩნდა, არც ბავშვი, არც საქონელი. მემრე ერთმა მოლამ უთხრა ლეკებს: სანამო ამ ტყვეებს არ გაათავისუფლებთ და იმ ხატს არ დააბრუნებთ უკან საქართველოში, მანამ თქვენში არ გაჩნდება არც ბავშვები, არც საქონელიო. მემრე მოაქუჩეს ეს ტყვეები (შვიდი ათასი კაცი), ეს ხატი დასვეს ხარის რქაზე. არ წამოვიდა ეს ხარი მანამ, სანამ ერთი ტყვე კოჭლი გოგო აკლდათ და ის არ მოიყვანეს. მემრე წამოვიდა ის ხარი. საცა დაისვენა იმ ხარმა, ნიში დადგეს. სამას სამოცდასამ წმინდა გიორგის რომ იტყვიან, ის ლომისის ნიშია.
                                                     ახვლ. 117-118

    289. ლომისა, „ხოროშნის ტყვის დამხსნელი“
     ლეკებმა გარეკეს შვიდი ათასი კაცი და უამრავი საქონელი დაღესტანში. და¡ცა ჯანღი. სამი დღე და ღამე მზე არ ამოსულა. არც მოსავალი მოვიდა. იყო ბნელი, წვიმები. აკითხვინეს მკითხავს. ხატი გამოუტანიათ თურმე ეკლესიიდან და ტყვეებთან ერთად წამოუღიათ. მკითხავს უთქვამს: „მაგათი სალოცავი წამოგიღიათო და ამის ბრალია ყველაფერიო“. მიკრიფ-მოკრიფეს საქონელი, ხალხი და დააყენეს გზაზე. ტრიალებს თურმე საქონელი, არა და არ ადგება გზას. თურმე ერთი ცალთვალა მოზვერი დარჩენიათ. მერე მოუნახავთ ეს მოზვერი. მოუტანიათ თითო კონა ფიჩხი, გაუკეთებიათ ჯებირი და დაუნთიათ ცეცხლი. შუაგულ ცეცხლში ლომისის ხატი ჩაუგდიათ. ერთ მხარზე ამოუვლია ალს და ამოუღია ცეცხლიდან ხატი. დაძრულა ხალხი, საქონელიც. გზად რომ მოდიოდნენ, საცა დაუსვენიათ, ყველგან ნიშები დაუტოვებიათ.
     ეხლა ის ხატი ეკლესიაშია.
                                               მთხრ. ლადო დარძული,
                            ჩამწ. მედეა იმერლიშვილი, ქვემო ქედი, 1988.
                                                         თსუფა 28931

                 290. ხორაშანის ამბავი
     თათარს გაუტეხნია საქართველო. ხატები წაუღია, ტყვეები გაურეკნია, თანა ერთი სალოცავი ხატიც წაუღია მთიულთა. იმ თათრის სახელმწიფოშია შვიდი წელიწადი მოსავალი აღარ მოიდა,
საქონელი აღარ ნაშენება. მამრე მკითხველს აკითხვინეს და იმან უთხრა, რომაო გურჯი ხატებისგან არისო. მამრე თქო თათრი ხემწიფემა. მააგროვეთ ხატები და დაწვითო, აბა თუ ხატებს ძალა აქთო, ამოვიდნენ იქიდანაო როცა რო წაუკიდეს ცეცხლი, ეს ლომისას ხატი, რაია ეხლა, ამოფრენილა იქიდგანა. დაჯდომია შვიდი წლის ბუღას რომელსაცა ლომა რქმევია, რქაზედა და ისე ზის თურმე. ამ ხატმა თურმე თავისი ხალხი მაითხოვა. შაეშინდა ი თათარსა. შაკრიბა ქართველები და უნდა გამაერეკა უკანა, მაგრამ ბუღა თურმე არ იღებს გზას მაინცა, თურმე ერთი კოჭლი ქალი სადღაც არის კიდენ დარჩენილი, მამრე გამაუძღვა წინ ეს ბუღა, როცა ეს ქალიც მოიდა, ხატი ზედ აბრძანია თურმე რქაზედა და მოდის. მო¡დევს ხალხიცა უკანა. ორი კომლი კიდენა თავისი ხალხი გამააყოლა თათარმა თურმე მზითევადა. ერთი მკერვალიძე იყო და მეორე ბარათაშვილი. სადაც დაისვენებდნენ, თურმე ყველგან ნიშებს აკეთებდნენ და ვახშამსა ჭამდნენ. ეს ლომისა მლეთაში კი არ იყო უწინა, აქა მობრძან დებოდა ფასანაურის გაღმა გორაზედა. ქავთარაანთ გაღმა ლომისის ნიშია და იქ მამკვდარა თურმე ბუღა. თურმე როცა მთიულებსა
ოსები იმორჩილებდნენ, მლეთელებსა ეს ოსები დაუხოცნიათ და ეს ლომისის ხატიცა საჩუქრად უთხოვნიათ ამისათვინა და გადაუსვენებიათ თავიანთ გორაზედა.
                                            მთხრ. ალექსი ბიბილაშვილი,
                              ჩამწ. ქეთევან ბურჯანაძე, ბიბილაანი, 1946.
                                                           თსუფა 5000

                       291. ლომისობა
      ლომისობას ვიცით დიდი ხატობა. ეხლაც კიდენ ბევრი მოდის. გარეკილი ყოფილა ტყვედ ქართველები. მემრე დაპატრონებია თავი ხალხს ლომისა. ერთი ქალი ყოფილა, კოჭლი და ჩამორჩენილა კოჭლი ქალი. მანამ ის ქალი არ მისულა, მინამ არ დაუწყვიათ. კურატი ყოფილა შეწირული. კურატი უნდა გამოუძღვეს, მაგრამ არ გამოყოლია, მინამ ის კოჭლი ქალი არ მოსულა. საცა კიდენ დაისვენებენ, ყველგან იმ ხატის სახელობის ნიშია. 

   ლომისობას ბევრი ხალხი მოდის. ერთი ქალი მაიყვანეს, ხატი აძრახებდა. რაღაცამ დამეხა თავში, გახელდა. გადმოიყვანეს ლომისობას, იქ აიყვანეს წვერზედა. მემრე შესაწირავ მიიყვანეს. ეხლა გამანთავისუფლა ხატმაო. ისეთი კი იყო, ორ სიტყვას ვერ გადააბამდა ერთურთზე.
      სამწყალობნებს ეძახიან, ოჯახს ამწყალობნის დეკანოზი. დეკანოზებზე ასე გამიგია, ხატი იჭერსო. ცუდათ ხდება, ავად არი, მემრე თავს რო დაუდებს, კარგად გახდება.
      სახვთოს [დროს] დეკანოზი ერთ კვირას სახში ვერ წავა, ჯალაბშია. მანამ ხატობა იქნება, გარეთ არი გასული, გაუტანენ იქ პურსა.
                                                          კაიშ. 53

                   292. ლომისას შენება
    ეგ არი სათემო გაკეთებული. იქათ ქსანი, აქეთ მთიულეთი შაყრილან და იმათ უშენებია ლომისა. ჩვენ ტყეში კლდე არი და იქიდან უზიდნია სიპი. კაცი კაცთან მდგარა ახლო და აწვდიდნენ ერთიმეორეს ქვას.
    ახალგაზრდებს ააძრახებსკე. ზოგის ლაპარაკი ცხადდებაკე.
             ღმერთო, დიდო ლომისაო,
             გამარჯვებულო, საქრისტიანო სალოცავო,
             შენ დეეხმარე მუდამ შენ ყმასაო,
             შენ მეხვეწართაო, შენ მლოცველთაო,
             წულგაჭირვებულსაო წული გაუჩინეო,
             ათასად გაუხდინეო,
             დალოცვილო უფალოო,
             ავადნაყოფი თუ ჰყავს, გაუსაღეო,
             ჯანსაღად დაუყენეო,
             შააძლებინე შენი სამსახურიო.
                                                       კაიშ. 56

                      293. ლომისური
      ესეთი წესი იყო: მოხუცები წამოიწყებდენკე ლომისურს. თუ ისინი ლომისურს არ იმღერებდიან, სადღეგრძელოსავით თუ არ იტყოდიან, ისე ახალგაზრდებს არ შეეძლოთ სიმღერის წამოწყება.
ამის შემდეგ შეეძლოთ სხო რამეების წამოწყება.
                    ლომისას ჯაჭვი ჰკიდია,
                    არავინ იცის, ვისია.
                    შეხედა ქალმა, შასტირა:
                    ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
                    შავეთით გამოტანილი
                    შავგვრემანაის ყმისია.
                                                     კაიშ. 54

                     294. სოფელი პევშა
      ლომისა ყველაზე ძრიალი ხატია მთაში. ამას მარტო ახოს პირიმზე ფუძის ანგელოზი უახლოვდება - ხევსურებისა. იმის დღეობასა პირიმზე ახოობა ქვია. ამისი დღეობა 18 მარიამობის
თვეს მოდის ძველითა. ეს პირიმზე ხევსურის ვაჟია. წითური ბიჭია, ქერა. ძილში რო ხევსური ნახო, იცოდე პირიმზეა. წმინდა გიორგის აქვს 363 ნაწილი. ის ყველა ხატის ნაწილია. წმინდა გიორგი თათარი ყოფილა, მონათლულა და თათრებმა მთიდან დააგორეს: რატო მაინათლეო? ლომისაც წმინდა გიორგია. ლომისა წმინდა გიორგის მკლავია. წმინდა გიორგის ენა არი ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი. წმინდა გიორგის თავია კოპალე, დანარჩენი ასოები სხვადასხვებია. ლომისას ჩხუბი უყვარს. თუ ჩოხის ყმა შემოგწყევლის, არ არი კარგი. თუ საჩოხლო შამოგწყევლის, უნდა გაყვე კაცსა, ვინც არ უნდა იყოს, თორო არ არი კარგი, რადგან ის წმინდა გიორგის ენაა.
                                             მთხრ. ბატარაი პატაშური,
                                  ჩამწ. ქეთევან ბურჯანაძე, ხევშა, 1946.
                                                          თსუფა 5024

             295. „ქვის წულად მქცეველი“ I
      „მიშველე, გმირო ლომისაო, ხოროშნის ტყვის დამხსნელო, ქვის წულად მქცეველოო“, ასე ევედრებიან ლომისის ხატს.
      ხატში რომ წავიდოდნენ, საერთო საკლავი რომ დაიკვლებოდა, დაარიგებდნენ ხორცის ნაჭრებს, ამას ეძახდნენ ხორცის წილობას. თითოს თითო ნაჭერს აძლევდნენ. ფეხმძიმეს ორი ნაჭერი შეხვდებოდა ხოლმე.
      ერთ გოგოს, ალბათ ძალიან უნდოდა ხორცის წილობა, აუღია გრძელი ქვა, შეუხვევია ნაჭრებში და ჩაუდევს კალთაში, ვითომ ბავშვიაო, და წაუფარებია ზემოდან. ჩაიარა მორიგემ, ვინც არიგებდა, იმ გოგოს კალთაში ბავშვი რომ დაუნახა, ორი წილობა მისცა. მისცა თუ არა წილობები, ქვა გაცოცხლდა და ბავშვად იქცა. ლომისამ გააცოცხლა. ამიტომ ეუბნებიან, „ქვის წულად მქცეველოო“.
                                              მთხრ. მარიამ ბოძაშვილი,
                             ჩამწ. მედეა იმერლიშვილი, ქვემოქედი, 1988.
                                                         თსუფა 28928

             296. „ქვის წულად მქცეველი“ II
      ლომისის სალოცავში დღეობა იყო. ხატის კარზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დაიკლა საკლავები, გაისერა ქადა-საწირავები... დასტურებმა დაიწყეს ხორცის წილობების ჩამორიგება ვაჟებზე. ერთ მარტოხელა უშვილო ქალს ქვა გაუხვევია კალთაში და მორიგეებისათვის უთქვამს: „თქვენი ჭირიმე, ამასაც არ დამიკლოთ წილიო“. ეს უთქვამს და ბალღსაც დაუჩხავლია ქალის კალთაში. ლომისამ რიყის ქვა წულად უქცია თურმე.
      მას მერე დეკანოზები ასე ახსენებენ:
      „დიდება დიდ ლომისას, ღუდას ყოვლაწმინდას, ქვის წულად მქცეველს!“
      უშვილო ქალები იმ დღიდან ლომისაში დადიან სალოცავად, რომ ვაჟი შეეძინოთ.
                                                      ვირს. 529