„გვარი და გვარიშვილობა“

გვარების რჩეულ მამულიშვილთა დარბაზი გვიხმობს

 

სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“, რომელიც სამი წელია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებს და ჯერჯერობით 600-მდე საგვარეულო კავშირს აერთიანებს, გაუწყებთ:
დადგა ჟამი საგვარეულოთა კავშირთან შეიქმნას წარმომადგენლობითი სათათბირო ორგანო - „გვარების რჩეულ მამულიშვილთა დარბაზი“, სადაც თავს მოიყრის ყოველი უანგარო ეროვნული მოღვაწე რწმენით, პატიოსნებით, სიქველით, ნიჭიერებით, შემოქმედებით ხალასი, უმწიკლო საქმიანობით გამორჩეული. თითოეულმა საგვარეულო კავშირმა ასეთი ადამიანი საკუთარ გვარში უნდა შეარჩიოს - შთამომავლობით უზადო და ღვაწლით მირონცხებული. კანდიდატურების რაოდენობა შეზღუდული არ არის, არც ასაკი და არც სქესი. ვისაც ქართველი ერის სიყვარულით გული უცემს, ვისაც სამშობლო სიცოცხლეს ურჩევნია, ვინც ჭეშმარიტი მამულიშვილია, გვარიშვილი და სახლის(ოჯახის) შვილია, თავის ძალისხმევას, უნარს და შესაძლებლობას საქართველოს და მოყვასს მოახმარს, დარბაზის წევრი ის უნდა იყოს.
ასეთი იდეალური პიროვნება საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახით ჩვენს ქვეყანას, უფლის ნებით, უკვე ჰყავს. გვარების რჩეულ მამულიშვილთა დარბაზს ოცდახუთიათასი გვარის თხოვნით ის უხელმძღვანელებს.
მაშ ასე, შევარჩიოთ გვარის რჩეულ მამულიშვილთა დარბაზის კანდიტატები. გაზეთ „გვარიშვილობის“ რედაქციას წარვუდგინოთ თითოეულის მოკლე ბიოგრაფია, ღვაწლის ჩამონათვალი, ფოტოსურათი, ზუსტი დასაბუთება, თქვენი გვარიდან მაინც და მაინც ეს პიროვნება რატომ აირჩიეთ!

 

საქართველოს საგვარეულოთა კავშირის გამგეობა